ვსაუბრობთ ჰიბრიდულ მანქანებზე
25.11.2024
ჰიბრიდული მანქანა სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც ორი განსხვავებული ენერგიის წყაროს იყენებს: როგორც წესი, შიდა წვის ძრავასა (Internal Combustion Engine) და ელექტროძრავას.
ამ ტიპის მანქანების მიზანი ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებაა.
ამ ბლოგში ჰიბრიდულ მანქანებს განვიხილავთ.
როგორ მუშაობს ჰიბრიდული მანქანა?
როგორც ვახსენეთ, ჰიბრიდული ატომობილი ენერგიის ერთზე მეტ წყაროს იყენებს - მაგალითად, დიზელის ან ბენზინის ძრავის ელექტრომოტორთან კომბინაციით. ვინაიდან ავტომობილის ასამოძრავებლად ორივე სისტემა შეთანხმებულად მუშაობს, ეს ფაქტორი, ტრადიციულ ავტომობილებთან შედარებით, მნიშვნელოვნად ამცირებს საწვავის დანახარჯს. აჩქარებისა და მაღალი სიჩქარის დროს შიდა წვის ძრავა და ელექტროძრავა, საკმარისი სიმძლავრის უზრუნველსაყოფად, ერთად მუშაობს. მუხრუჭების დროს ენერგიის აღდგენის სისტემა კინეტიკურ ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის და მას ბატარეებში ინახავს, რომელიც, თავის მხრივ, ელექტროძრავას ამარაგებს.
მუშაობის პრინციპზე უფრო დეტალურად ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი, შეგახსენებთ: ჰიბრიდული მანქანის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ტიპის ავტომობილის ყიდვა Mogo-ლიზინგის მეშვეობით შეგიძლიათ. მეორადი მანქანის ლიზინგი.
ჰიბრიდული მანქანების სახეები
ჰიბრიდული მანქანების სახეები ენერგიის წყაროების გამოყენების სტრუქტურითა და მუშაობის პრინციპით განისაზღვრება. გარდა ამისა, ჰიბრიდები სხვადასხვა საჭიროებას ერგება და არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პრიორიტეტი აქვს მძღოლს - საწვავის ეკონომია, ეკოლოგია, სიმძლავრე, თუ ყველა ერთად…
ძირითადი ტიპებია:
სერია ჰიბრიდი (Series Hybrid)
შიდა წვის ძრავა გამოიყენება მხოლოდ გენერატორად, რომელიც ბატარეებს ტენის ან ელექტროძრავას ამარაგებს. მოძრაობის მთავარი წყარო კი ელექტროძრავაა. ეს ტიპი განსაკუთრებით ეფექტურია ქალაქში, დაბალი სიჩქარით მოძრაობის დროს.
პარალელური ჰიბრიდი (Parallel Hybrid)
შიდა წვის ძრავა და ელექტროძრავა პირდაპირ უკავშირდება წამყვან ბორბლებს. ამ ტიპში ძრავები ერთმანეთთან დამოუკიდებლად ან ერთად მუშაობენ, რაც მის მოქნილობასა და ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს.
შერეული ჰიბრიდი (Series-Parallel Hybrid):
ორივე სისტემის კომბინაციას იყენებს, სადაც შიდა წვის ძრავა ან ბატარეების ტენვას ემსახურება, ან ბორბლებს უშუალოდ ამოძრავებს. ეს უზრუნველყოფს მაქსიმალურ ენერგოფექტურობას მართვის სხვადასხვა პირობაში.
პლაგ-ინი ჰიბრიდი (Plug-in Hybrid):
აქვს უფრო დიდი ბატარეები, რომელიც შესაძლებელია, ქსელიდან (დენის გარეწყარო) დაიტენოს. პლაგ-ინ ჰიბრიდები ელექტროენერგიაზე დიდხანს მუშაობს, შესაბამისად, საწვავის მოხმარებასა და გამონაბოლქვს ამცირებს.
მიკროჰიბრიდი (Mild Hybrid):
შედარებით მარტივი სისტემაა, სადაც ელექტროძრავა მხოლოდ დამატებით მხარდაჭერას უზრუნველყოფს, მაგალითად, აჩქარების დროს და არ არის საკმარისი დამოუკიდებელი მოძრაობისთვის.
ჰიბრიდული მანქანების დადებითი და უარყოფითი მხარეები
ზემოთ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჰიბრიდული მანქანები საწვავის ეკონომიით გამოირჩევა, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია საცობებიან ქალაქში გადაადგილებისას. ამ ტიპის მანქანები გარემოს ნაკლებად აბინძურებს, რადგან გამონაბოლქვი მცირეა, შესაბამისად, ეკოლოგიური თვალსაზრისით, ჰიბრიდული მანქანა საუკეთესო არჩევანია.
რეგენერაციული მუხრუჭების ტექნოლოგია ენერგიის დაზოგვას უზრუნველყოფს, ხოლო ელექტროძრავების ჩუმი მუშაობა ზრდის კომფორტს როგორც მძღოლის, ისე გარემოსთვის და გამონაბოლქვთან ერთად, ხმაურით დაბინძურებასაც ამცირებს.
საერთო ჯამში, საწვავის ეკონომია ჰიბრიდული მანქანების მფლობელებს გრძელვადიან სარგებელს სთავაზობს.
თუმცა მიუხედავად ზემოჩამოთვლი მომხიბვლელი უპირატესობებისა, ცხადია, ჰიბრიდულ მანქანებს გარკვეული უარყოფითი მხარეებიც აქვს. მათი საწყისი ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე ტრადიციული მანქანებისა, ხოლო ბატარეების ცვეთა და შეცვლის ხარჯები კიდევ უფრო მეტ ფინანსურ რესურსს უდრის. ასევე, ავტომობილში ინტეგრირებული ტექნოლოგიები სპეციალიზებულ სერვისს საჭიროებს, რაც, შესაძლოა, რთულად ხელმისაწვდომი ან ძვირი იყოს. ბატარეების დამატებითი წონა ზოგჯერ ტვირთამწეობას ამცირებს, ხოლო მაღალ სიჩქარეზე მათი ეფექტურობა შედარებით მცირდება, რადგან შიდა წვის ძრავაზე მეტი დამოკიდებულება ჩნდება.
თუმცა იმის გათვალისწინებით, თუ რა არის ჩვენი პრიორიტეტი, როგორ აღვიქვამთ საკუთარ როლს გარემოზე ზრუნვის ჭრილში, რა ფინანსური შესაძლებლობები და ყოველდღიური გამოწვევები გვაქვს - ანუ, ეს ზემოჩამოთვლილი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც სავსებით სუბიექტურად შეიძლება, განვიხილოთ.
შეჯამება
ჰიბრიდული მანქანა იდეალურია იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ეკოლოგიაზე ზრუნვა პრიორიტეტია, ვისაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების ჭრილში და სხვ. უფრო ლამაზად რომ ვთქვათ - ჰიბრიდული მანქანის უნიკალური დიზაინი საშუალებას იძლევა, რომ საწვავის მოხმარება და შესაბამისად, გარემოს დაბინძურება ყოველდღიურად შემცირდეს.