მართვის 10 ჩვევა, რომელიც თქვენს მანქანას ზიანს აყენებს
03.03.2025

ავტომობილის მოვლა და სწორად მართვა მნიშვნელოვანი ფაქტორია მისი ხანგრძლივი და გამართული ფუნქციონირებისთვის. ზოგიერთი მავნე ჩვევა, რომელსაც მძღოლები ხშირად ვერც აცნობიერებენ, დროთა განმავლობაში, მანქანის მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებენ. ამ სტატიაში განვიხილავთ იმ შეცდომებს, რომლებსაც უნდა მოერიდოთ იმისათვის, რომ თქვენი ავტომობილი დიდხანს და უპრობლემოდ გემსახუროთ.
თუ ჯერ არ გაქვთ ავტომობილი, შეგიძლიათ, Mogo-ლიზინგის მეშვეობით შეიძინოთ. დეტალებისთვის იხილეთ ბმული: Mogo ლიზინგი.
ავტომობილის გადატვირთვა
რა მასის დატვირთვას უძლებს თქვენი ავტომობილი? - ამ კითხვაზე პასუხის ქონა აუცილებელია, ვინაიდან მუდმივად გადატვირთული მანქანა აჩქარებს ძრავის, დაკიდების სისტემისა და საბურავების ცვეთას. ამასთან, გადატვირთული მანქანა ავტოსაგზაო შემთხვევისას ან ექსტრემალური სიტუაციის დროს, მძღოლის, მგზავრებისა და სხვა ადამიანების სიცოცხლესაც საფრთხის ქვეშ აგდებს.
საინფორმაციო დაფის სიგნალების იგნორირება
ავტომობილის საინფორმაციო დაფაზე (dashboard) მოციმციმე ან ანთებული ნიშანების უგულებელყოფა დაუშვებელია. ეს ნიშნები, სავარაუდოა, სხვადასხვა პრობლემის შესახებ ინფორმაციას გვაწვდიდეს:
ძრავის გაუმართაობა;
ზეთის დაბალი დონე ან წნევა;
სამუხრუჭე სისტემის პრობლემა;
გადახურებული ძრავი;
საბურავების წნევის ვარდნა (TPMS);
ბატარეის პრობლემები და სხვ.
თუ ამ ინდიკატორებს დროულად არ მიაქცევთ ყურადღებას, შესაძლოა, ავტომობილი სერიოზულად დაზიანდეს.
ძრავის მაღალი სიჩქარით გათბობა
ბევრი მძღოლი მიიჩნევს, რომ ცივი ძრავის სწრაფი გათბობისთვის მაღალ ბრუნებზე მუშაობაა საჭირო, თუმცა სინამდვილეში ეს პრაქტიკა ზიანს აყენებს ძრავს. როცა ძრავი ცივია, ზეთს დრო სჭირდება, რომ მთლიანად მიაღწიოს ყველა მოძრავ ნაწილამდე. მაღალი ბრუნების გამოყენება ამ დროს ზრდის დეტალების ცვეთას და ამცირებს ძრავის ხანგრძლივობას. საუკეთესო ვარიანტია ავტომობილის 20-30 წამის განმავლობაში მშვიდად დატოვება ჩართულ მდგომარეობაში, შემდეგ კი ნელი სვლით გადაადგილება. პირველი 15-20 წუთის განმავლობაში, მკვეთრი აჩქარებისა და მაღალი ბრუნებისგან თავშეკავება.
ავტომობილის მართვა საწვავის მინიმალური დონით
როცა საწვავის დონე მუდმივად მინიმალურია, განსაკუთრებით კი დიზელის ძრავიან ავტომობილებში, ტუმბო, დროთა განმავლობაში, ზიანდება. ასევე, მცირე რაოდენობით საწვავით ავტომობილის დაქოქვა დამატებით დატვირთვას უქმნის აალების სისტემას. უმჯობესია, ავზი ყოველთვის შეავსოთ მინიმალურ ზღვარზე ოდნავ მეტი საწვავით, რომ პოტენციური ტექნიკური პრობლემები თავიდან აირიდოთ.
გადაცემათა კოლოფის არასწორი გამოყენება
მექანიკური ან ავტომატური გადაცემათა კოლოფის არასწორად გამოყენება იწვევს მის დროზე ადრე ცვეთას. განსაკუთრებით, ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე მანქანებისთვის, კი, Reverse (უკუსვლიდან) Drive (წინ წასვლა) სიჩქარის ცვლილებისას აუცილებლად სრულად უნდა გააჩეროთ ავტომობილი, ვინაიდან თუ სიჩქარის ცვლილებისას ავტომობილი მცირეოდენ მოძრაობას მაინც განიცდის, ეს გადაცემათა კოლოფს პრობლემას უქმნის.
გადაცემათა ბერკეტზე ხელის დაყრდნობა
ზოგიერთი მოძღოლი ატკიცებს, რომ თუ ხელი სიჩქარეთა გადაცემის ბერკეტზე გამუდმებით გვიდევს, ეს ცუდად თავად სიჩქარეთა კოლოფზე აისახება. ამ მოსაზრების უტყუარობის დადასტურება რთულია, თუმცა დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ თუ მოძრაობისას მძღოლს საჭე მხოლოდ ერთი ხელით უჭირავს, ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება.
საცობებში გადაადგილება
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილით საცობებში გადაადგილება ყველა მძღოლისთვის ჯოჯოხეთია, ვინაიდან მუდმივად გიწევს სიჩქარიდან სიჩქარეში გადართვა. ასეთ შემთხვევებში, მძღოლები ამჯობინებენ ხოლმე, რომ გადაბმულობის ქურო (იგივე „ცეპლენია“) სულ გათიშულ მდგომარობაში ჰქონდეს. ასე ხომ სიჩქარეების შეცვლა უფრო სწრაფადაა შესაძლებელი?! თუმცა აქ ის უნდა გახსოვდეთ, რომ გადაბმულობის ქუროს ზომაზე მეტად გათიშვას იგი მწყობრიდან გამოჰყავს და შესაბამისად, აზიანებს.
სწრაფი გადავლა სიჩქარის შემაფერხებელებზე
სიჩქარის შემზღუდველები, რომლებიც ხშირად ცნობილია, როგორც „მწოლიარე პოლიციელები“, იმ ადგილებში მონტაჟდება, სადაც უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა სიჩქარის შემცირება. მათი სწრაფად გადაჭრა არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეებსა და სხვა მძღოლებს, არამედ აზიანებს ავტომობილის დაკიდების სისტემას, საბურავებსა და სავალ ნაწილებს.
მკვეთრი დამუხრუჭება
ხშირი და მკვეთრი დამუხრუჭება სწრაფად ცვეთს სამუხრუჭე ხუნდებსა და დისკებს, ასევე აზიანებს დაკიდების სისტემას. რაც უფრო დიდია სიჩქარე, მით მეტად უნდა გავზარდოთ სამუხრუჭე ძალა, რომ ავტომობილის დამორჩილება შევძლოთ. გარდა იმისა, რომ მკვეთრი დამუხრუჭება სახიფათოა, ასევე ამ დროს სამუხრუჭე სისტემაზე მოდის არანორმალური დატვირთვა.
პარკირებისას ხელის მუხრუჭის გამოყენების უგულებელყოფა
ხელის მუხრუჭის გამოყენება აუცილებელია არა მხოლოდ დაღმართზე პარკირებისას, არამედ მოსწორებულ ზედაპირზეც. მისი უგულებელყოფის შემთხვევაში, ავტომობილის მთლიანი წონა გადაცემათა კოლოფის მცირე დეტალებს აწვება, რაც დროთა განმავლობაში მის ცვეთასა და დაზიანებას იწვევს. ხელის მუხრუჭის სწორად გამოყენება ხელს უწყობს მანქანის სტაბილურობას და გადაცემათა კოლოფის ხანგრძლივ ფუნქციონირებას.
დასკვნა
თუ ამ მავნე ჩვევებს თავიდან აირიდებთ, თქვენი ავტომობილი ბევრად უფრო დიდხანს გაძლებს და მისი მოვლა ნაკლებიც დაგიჯდებათ. მართეთ გონივრულად და გაუფრთხილდით თქვენს თავს, თქვენს მანქანას, გარემოსა და სხვებს!