როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა?
22.03.2023
მართვის მოწმობის აღება ბევრისთვის მარტივი, ზოგისთვის კი რთული პროცესია. ვიღაცისთვის გამოცდის ჩასაბარებლად ერთი ცდაც საკმარისია მაშინ, როცა სხვას შეიძლება რამდენიმე მცდელობა დასჭირდეს საბოლოოდ წარმატების მისაღწევად. ცდების რაოდენობების მიუხედავად მთავარი საბოლოო წარმატების მოპოვებაა, თუმცა დამეთანხმებით, რომ რაც უფრო მარტივად, ნაკლები ძალისხმევით შეძლებს ადამიანი მართვის მოწმობის აღებას, დროის თუ სხვა რესურსების დაზოგვის მიზნით უმჯობესია.
ნებისმიერ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, იმ წესების და პირობების ცოდნაა აუცილებელი, რომლებიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ახლავს და ეს ბლოგიც სწორედ ამ საკითხებს ეთმობა, უფრო კონკრეტულად, B კატეგორიის, ანუ მსუბუქი ავტომობილის მართვის მოწმობის აღების წესებს.
მიმდინარე მონაცემებით, მართვის მოწმობის გამოცდა 2 ძირითად ეტაპად, თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებად იყოფა. პრაქტიკული გამოცდა კი თავის მხრივ, ასევე 2 ნაწილს მოიცავს - ერთი გულისმობს ავტომობილის მართვას საგამოცდო მოედანზე, მეორე კი მართვას ქალაქში.
რა დოკუმენტებია საჭირო გამოცდაზე გასასვლელად?
გამოცდის პირველი ეტაპი თეორიული ნაწილია და გამოცდამდე გასასვლელად საჭიროა შემდეგი დოკუმეტები:
- პირადობის მოწმობა;
- ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა IV 100/ა);
- სმს შეტყობინება თეორიული გამოცდის რიგის დაჯავშნასთან დაკავშირებით.
17 წლის პირს, ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა დამატებით ესაჭიროება:
- დაბადების მოწმობის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი
- მშობელი ან მშობლის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა
- საჯარო სკოლის ან ავტოსკოლის მოწმობა
მართვის მოწმობის ტესტები
მიუხედავად იმისა, რომ თეორიული გამოცდისთვის მოსამზადებლად 1792 კითხვაზე (მართვის მოწმობის ბილეთები) პასუხის ცოდნა მოეთხოვება კანდიდატს, მომზადება მაინც ძალიან მარტივია იმ მიზეზით, რომ თითოეული კითხვის პასუხი ეყრდნობა გარკვეულ პრინციპებს, რომელთა ცოდნა და გააზრებაც საკმარისია გამოცდის ჩასაბარებლად.
დღეს მრავალი ავტო სკოლა, აპლიკაცია და საიტი არსებობს, რომელთა დახმარებითაც ადამიანს შეუძლია გამოცდისთვის მარტივად მომზადება, შესაბამისი მართვის მოწმობის ტესტების საშუალებით.
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა
პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ, 30 კალენდრული დღის განმავლობაში.
გამოცდის დაწყებამდე B კატეგორიის მართვის მოწმობის აღების მსურველს 100 ქულა ენიჭება და გამოცდის ჩასაბარებლად მხოლოდ 39 საჯარიმო ქულის მიღების უფლება აქვს. საბოლოოდ მინიმუმ 61 ქულის დასაგროვებლად კანდიდატს საგამოცდო მოედანზე შემდეგი მოქმედებების შესრულება სჭირდება:
- პარალელური პარკირება;
- უკუსვლით პარკირება;
- ზიგზაგი;
- შეზღუდული სიგანის შემოსაბრუნებელი უბანი;
- რვიანი;
- აღმართიანი უბანი.
პრაქტიკული გამოცდა რეალურ გარემოში
პრაქტიკული გამოცდის პირველი ნაწილის წარმატებით დასრულების შემდეგ, კანდიდატს 365 კალენდრული დღის განმავლობაში შეუძლია გამოცდის მომდევნო ნაწილის ჩაბარება. გამოცდის ეს ეტაპი არა საგამოცდო სივრცეში, არამედ რეალურ გარემოში, სხვადასხვა ინტენსივობის გზაზე ავტომობილით გადაადგილებას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად ეს გულისხმობს მოძრაობას:
- დაუსახლებელ პუნქტში;
- დასახლებულ პუნქტებში, გზებზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით;
- ავტომაგისტრალზე ან სხვა მსგავს გზაზე ან ისეთ გზაზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით.
რა ხდება მართვის მოწმობის აღების შემდეგ?
თითოეული ეს ეტაპი სინამდვილეში მარტივია, უბრალოდ საჭიროებს წინასწარ მომზადებას და გარკვეული დროის გამოყოფას გამოცდისთვის მოსამზადებლად. მართვის უფლების მოპოვების შემდეგ კი მომხმარებელს ისღა დარჩენია სასურველი ავტმობილი შეარჩიოს, საჭირო ფინანსები მოიძიოს და შეიძინოს. ავტომობილისთვის საჭირო თანხის მარტივად მოპოვებაში კი მომხმარებელს მოგოს ავტოლიზინგი დაეხმარება.
ასევე წაიკითხეთ მოგოს საინტერესო სტატიები: შემოსავლის დამატებითი წყარო | მანქანის მოვლის რჩევები | გაუთვალისწინებელი ხარჯები