დიზელი თუ ბენზინი - რომელი ავარჩიო?
04.12.2023
დიზელი თუ ბენზინი? - ეს ხშირად დასმული შეკითხვაა, რომელსაც, ცალსახად, ობიექტური პასუხი ვერ ექნება, ვინაიდან საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები თითოეულ მათგანს აქვს. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ძრავის ამ ორ ტიპს დეტალურად განვიხილავთ, არჩევანი უკვე თქვენი პრიორიტეტების მიხედვით სჯობს, გააკეთოთ. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ მოგო ლიზინგის საშუალებით, შეგიძლიათ, ნებისმიერი ძრავის მქონე მანქანა შეიძინოთ. კომპანია, ონლაინ განაცხადის შევსების მეშვეობით, მანქანის ღირებულების 100%-მდე დაფინანსებას გთავაზობთ!
დიზელის ძრავის მუშაობის პრინციპი
თავად სახელიდან ირკვევა, რომ დიზელის ძრავა მუშაობს არა ბენზინზე, არამედ დიზელზე და იმავე პრინციპით გარდაქმნის ძალას მექანიკურ ენერგიად, როგორც ეს ბენზინის ძრავის შემთხვევაშია (4 ტაქტად), თუმცა აქ განსხვავებულია საწვავის მიწოდება-აფეთქების საფეხური.
დიზელში აალების სანთლები არ გვაქვს. ძრავის შემშვები სარქვლიდან ცილინდრში მხოლოდ სუფთა ჰაერი შედის. სარქველი იკეტება და პორშინი მაქსიმალურად მაღლა ადის იმისთვის, რომ ჰაერი დაპრესოს. ცხელ ძრავში შეღწევისას ჰაერი კიდევ უფრო ცხელდება, ცილინდრში ჩაყოფილი საწვავის ინჯექტორი გაცხელებულ ჰაერს მაღალი წნევით გაფანტულად აფრქვევს, შედეგად, დიზელი ალდება, ანუ ფეთქდება და დიდ წნევას ქმნის, რითაც პორშინს ქვემოთ უბიძგებს. მეოთხე ეტპაზე გამშვები სარქველი იხსნება და ნამწვი გარეთ გამოდის. დიზელის ძრავში საწვავი შეკუმშვის შედეგად მიღებული მაღალი ტემპერატურით ფეთქდება და სწორედ ესაა მიზეზი, რომ ნაპეწკლის წარმოსაქმნელად, მას ანთების სანთელი არ სჭირდება.
სოლიდური მასა, სიმძლავრის შემცირებული ლიტრაჟობა, ხმაურის მაღალი დონე, ჰაერის დაბალი ტემპერატურის დროს, ძრავის გაშვების სირთულე - ეს იმ ნაკლოვანებების ჩამონათვალია, რომელიც დიზელს ახასიათებს, თუმცა თანამედროვე ავტომობილები აღჭურვილია ისეთი მოწყობილობებით, რომელშიც დიზელის ძრავის ყველა უარყოფითი თვისება მინიმუმამდეა დაყვანილი.
ბენზინის ძრავის მუშაობის პრინციპი
ძრავი არის მექანიზმი, რომელიც აფეთქების ენერგიას მექანიკურ, მბრუნავ ენერგიად გარდაქმნის.
ძრავა შედგება:
- მუხლა ლილვი, მთავარი ღერძი, რომელიც ბრუნავს;
- ბარბაცა და პორშინი, რომელიც ცილინდრში ვერტიკალურად მოძრაობს და მუხლა ლილვს აიძულებს, დატრიალდეს;
- სარქველები, ანუ „კლაპნები“, რომელიც იხსნება, რომ ცილინდრში ჰაერი შევიდეს და გავიდეს და იკეტება, რათა ცილინდრში მაღალი წნევა შეიქმნას;
- აირგამანაწილებელი ლილვები, რომელიც სარქველების გახსნა-დაკეტვის დროს აკონტროლებს.
ბენზინის ძრავის მუშაობის პრინციპი 4-ტაქტიანია: შეწოვა, კომპრესია, აფეთქება, გაწოვა.
შეწოვის დროს, შემშვები სარქველი იხსნება და პორშინი ბოლომდე დაბლა ჩადის; კომპრესიის დროს კი, ცილინდრი იხურება და პორშინი მაქსიმალურად მაღლა ადის. უკვე აფეთქების დროს, როცა პორშინი საკუთარი სვლის ზედა ზღვარს აღწევს, ცილინდრში ჩაყოფილი აალების სანთელი ნაპერწკალს ისვრის, რათა დაპრესილი საწვავი და ჰაერი აფეთქდეს და პორშინს დაბლა უბიძგოს. სწორედ ამ ტაქტის დროს გარდაიქმნება აფეთქების ენერგია მექანიკურად. ბოლო ეტაპი კი გაწოვაა. ქვემოთ ჩასული პორშინი ისევ ზემოთ იწყებს ამოსვლას, ამ დროს გამშვები კლაპანი იხსნება და აფეთქებული საწვავის ნამწვი ცხელ კოლექტორში გადის.
ძირითადი განსხვავებები ბენზინსა და დიზელს შორის
დიზელის ძრავის მთავარი უპირატესობა საწვავის მოხმარების ეკონომიურობით აიხსნება, რაც მარგი ქმედების კოეფიციენტითა (კუმშვის ხარისხი 20-22 ერთეული) და ნაზავის ერთგვაროვანი რეგულირებითაა განპირობებული, განსხვავებით ბენზინის ძრავისგან, სადაც მუშა ნაზავი რაოდენობრივად რეგულირდება. დიზელის ძრავის ცილინდრებში მიწოდებული ჰაერის რაოდენობა მუდმივია და შესაბამისად, საწვავის ხარჯი დატვირთვის ზრდასთან ერთად იმატებს;
ბენზინის ძრავებში, დიზელის ძრავასთან შედარებით, დაბალი ვიბრაციისა და ხმაურის დონის წინაპირობას მუხლა ლილვის, ანუ „კალენვალის“, ანუ მთავარი ღერძის ბრუნვის მაღალი სიხშირე და დიდი მუშა მოცულობა წარმოადგენს;
დიზელის სიმძლავრითაა განპირობებული, რომ მძიმე ტვირთის გადასატანად, სწორედ ასეთი ძრავის მქონე ტრანსპორტს ირჩევენ. გარდა ამისა, დიზელისძრავიანი ავტომობილების ცვეთა შედარებით ნელა მიმდინარეობს;
ბენზინის ძრავა, როგორც წესი, მსუბუქ ავტომობილებში გვხვდება.
დიზელის ძრავებს უფრო მეტი ძალა, ანუ ნიუტონ მეტრი აქვს, ვიდრე ბენზინის ძრავებს. თუმცა ნაკლები აქვს ცხენის ძალა, რადგან დიზელი დაბალ ბრუნვებზე მუშაობს.
დიზელის ძრავებში ცილინდრები უფრო გრძელია, ვიდრე ბენზინისაში, ამას განაპირობებს დიზელის ძრავის მუშაობის პრინციპი, რომ ცილინდრმა მეტი ჰაერი შეიწოვოს და უკეთესი კომპრესია შექმნას.
გასაყიდი ფასები
საქართველოში ნავთობპროდუტების მომწოდებელი სხვადასხვა კომპანია ბაზარზე ბენზინისა და დიზელის სხვადასხვა კატეგორიაში, განსხვავებულ ღირებულებას გვთავაზობს, რომელიც ასე მერყეობს:
დიზელი შეგიძლიათ, 3-დან 3.49 ლარამდე შუალედის, ხოლო ბენზინი - 2.99-დან 3.78 ფასებში შეიძინოთ.
გარემოზე გავლენა
დიზელი ნახშიროჟანგის მცირე რაოდენობით გამოყოფით, ჰაერსაც ნაკლებად აბინძურებს. ამას კვლევებიც ადასტურებს, რომ დიზელი 20%-ით ნაკლებ CO2-ს გამოყოფს, ვიდრე ბენზინი.
ბენზინისძრავიან ავტომობილებში, ტოქსიკურობის შესამცირებლად, სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ და მეტ-ნაკლებად, მცდელობა ამართლებს კიდევაც.
მიუხედავად ამისა, დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საწვავის მოხმარების სიმცირისა და გარემოს დაცვის მაღალი მოთხოვნების გათვალისწინებით, დიზელისძრავიანი ავტომობილების პერსპექტივა გაცილებით მაღალია.
ავტორემონტი
ძრავა მანქანის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, შესაბამისად, თუ მცირე დაზიანებას, კვალიფიციური სპეციალისტის მეშვეობით, მალევე არ მიხედავთ, პრობლემა უფრო მეტ დაზიანებასა და ფინანსურ ხარჯში აისახება.
დიზელის ძრავის სერვისის მიზეზი, როგორც წესი, ზეთის საკმაოდ დიდ ხარჯში ითარგმნება ხოლმე. ეს ვიზუალურად ცისფერი ბოლით შეიმჩნევა.
აქვე, ბეზინის ძრავასთან შედარებით, დიზელის ძრავის შეკეთების ხარჯები უფრო ძვირია.
რაც შეეხება ბენზინის ძრავას, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ იმ ნიშნებს, რომელიც გატყობინებთ, რომ ავტომობილის ძრავა შესაკეთებელია:
სიმძლავრის შემცირება, არასასიამოვნო ხმაური, შიდა წვის ძრავის არასტაბილური მუშაობა, საწვავისა და ზეთის გაზრდილი მოხმარება, ძრავის მექანიკური დაზიანება, ხშირი გადახურება.
შეჯამება
რომ შევაჯამოთ, ყველა ზემოთქმულის გათვალისწინებით, ცალსახა მხოლოდ ის აზრია, რომ დიზელისძრავიან ავტომობილს შეარჩევთ, თუ ბენზინისძრავიანს, ეს დამოკიდებულია თქვენს დღის წესრიგზე, სურვილებსა და საჭიროებებზე. თქვენთვის იდეალური მანქანის პოვნა, ძალისხმევის გარეშე, შეგიძლიათ autosale.ge-ზე.
დიზელის ძრავა ბაზარზე უფრო ძვირი ღირს, თუმცა მისი მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, პროცესში ხარჯი შემცირებულია. ისიც აღვნიშნეთ, რომ დიზელის ძრავას, უფრო ხშირად, დიდი ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში იყენებენ.
რაც შეეხება ბენზინის ძრავს, მას უფრო დაბალი ხმა აქვს, ამგვარი ძრავა, უფრო მეტად, მსუბუქ ავტომობილებზეა გათვლილი.
სერვისის შემთხვევაში, პრინციპში, ორივე ძრავა ხარჯიანი იქნება, თუ რეკომენდაციებს არ მიჰყვებით და თქვენი ტრანსპორტისთვის პერიოდულ სადიაგნოსტიკო სამუშაოებს არ უზრუნველყოფთ.