როგორ ავარჩიოთ ავტომობილის კორპუსი
13.12.2023
ავტოინდუსტრია იმდენად კომპლექსური და მრავალფეროვანია, სფეროს განვითარებასთან ერთად, პირდაპირპროპორციულად იზრდება იმის შანსი, რომ მანქანის გარჩევა, კორპუსის მიხედვითაც კი გაგვიჭირდეს. სუვი თუ კროსოვერ სუვი? კუპე მხოლოდ 2-კარიანია? და სედანი? არსებობს კითხვები, რომლის პასუხებზეც თავად ავტომწარმოებლებიც ვერ თანხმდებიან, თუმცა ჩვენ მიერ მოკვლეული ინფორმაციით შევეცდებით, ეს საკითხები მეტად მკაფიო გავხადოთ და აქვე, ტრადიციულად, შეგახსენოთ, რომ ნებისმიერი ავტომობილის შეძენა მოგო ლიზინგის მეშვეობით შეგიძლიათ!
სედანი
სედანი არის მანქანა, რომელსაც დახურული ძარა აქვს - მეტალის სახურავით. მგზავრებისთვის, ძრავისა და ტვირთისთვის ის სხვადასხვა განყოფილებას გვთავაზობს. პრაქტიკული მახასიათებლებია:
- ძარის საყრდენი წინა და უკანა ფანჯრებს შორის, რომელიც სახურავს იჭერს;
- სავარძლების ორი მწკრივი;
- სამგანყოფილებიანი დიზაინი - წინ ძრავითა და უკან ტვირთისთვის ადგილით;
- უკანა სავარძლის მგზავრებისთვის უფრო დიდი სივრცე სახურავამდე და ნაკლები მსგავსება სპორტულ ავტომობილთან;
- უკანა ინტერიერი, სულ მცირე, 93 კუბური მეტრის მოცულობისა.
სედანს შეიძლება როგორც 4, ისე 2 კარი ჰქონდეს.ამ ტიპის მანქანა ხელმისაწვდომია ზომებში - სუბკომპაქტური, როგორიცაა: Nissan Versa და Kia Rio; კომპაქტური: Honda Civic, Toyota Corolla; საშუალო ზომის: Honda Accord, Nissan Altima და დიდი ზომის: Toyota Avalon, Dodge Charger. ბრენდებს, როგორიცაა Mercedes-Benz და Lexus, ასევე, აქვთ მსგავსი ზომის სედანებიც.
ვაგონი
იგივე „უნივერსალი“ - მსუბუქი ავტომობილის სახეობა, რომელსაც ორგანყოფილებიანი აგებულება აქვს, წინ ძრავის სათავსოთი და უკან გაერთიანებული სამგზავრო და საბარგო სივრცით. ძარა ჰეტჩბეკის მსგავსი აქვს, თუმცა ოდნავ დაგრძელებული, ბოლომდე გაყოლებული გადახურვით, რომელიც ვერტიკალური კარით სრულდება. ამ ტიპის კორპუსის მაგალითად გამოდგება: Subaru Outback, Audi A4 Allroad და სხვ.
ჰეტჩბეკი
ჰეტჩბეკს სედანის ტიპის მანქანებისგან უკანა ასახდელი კარი გამოარჩევს, რომლის ანჯამებიც განთავსებულია ზემოთ, ჭერის დონეზე მაშინ, როცა სედანის შემთხვევაში, ისინი ფანჯრის ქვემოთ გვხვდება. ჰეტჩბეკების უმეტესობას ორგანყოფილებიანი აგებულება აქვს, სადაც სამგზავრო და საბარგო სივრცეები გაერთიანებულია. უკანა სავარძელი, ხშირ შემთხვევაში, იკეცება - მეტი ადგილის გამოსათავისუფლებლად.
ჩვეულებრივ, ჰეტჩბეკის საბარგულის ლიუკს ცალკე კარად მიიჩნევენ. თუ ამგვარ მანქანას გვერდებზე ორი კარი აქვს, ეს ნიშნავს, რომ იგი სამკარიანი, ხოლო თუ მგზავრების ჩასასხდომად გვერდებზე ოთხი კარი აქვს, ე.ი. - ხუთკარიანი მოდელია.
ლიფტბეკი
ლიფტბეკი ჰეტჩბეკის სახეობაა, მაგრამ, მისგან განსხვავებით, მანქანის პროფილი უკანა გადახურვის მქონე სედანს წააგავს, რომლის უკანა კარიც ჰეტჩბეკის მსგავსად იხსნება. შეიძლება, ძალიან მოსახერხებელი არ ჩანდეს, მაგრამ ტევადობის თვალსაზრისით, სტანდარტული ლიფტბეკი აღემატება როგორც სედანს, ასევე იმავე ზომის ჰეტჩბეკს, მაგრამ არა - ვაგონს.
იმის გამო, რომ უკანა კარი ზევით იკეცება, საბარგულში მოცულობითი ტვირთის მოთავსება უფრო ადვილია. თუ ხშირად გიწევთ სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვა, განიხილეთ მანქანის შეძენა ლიფტბეკის კორპუსით.
კუპე
კუპე არის მყარი, დახრილსახურავიანი ავტომობილი სავარძლების ორი მწკრივით. ხშირად არის კამათი იმაზე, მხოლოდ 2-კარიანი ავტომობილებია ამ ძარისა თუ შეიძლება, რომ 4-კარიანი ავტომობილიც კუპედ მივიჩნიოთ. ტრადიციულ კუპეებად რჩება: Ford Mustang, Audi A5, Chevrolet Corvette თუ Porsche Boxster იმ დროს, როცა Mercedes-Benz CLS-ისა თუ BMW X6-ის კუპეობის ამბავზე დღესაც აზრთა სხვადასხვაობაა.
კროსოვერი
კროსოვერი არის კროსოვერ SUV-ისა ან კროსოვერ მაღალი გამავლობის ავტომობილის (CUV) შემოკლება. ავტომობილი, რომელიც ჩვეულებრივი ავტომობილებისა და SUV-ების ელემენტებს აერთიანებს.
სატვირთო ავტომობილების პლატფორმებზე აგებული ტრადიციული SUV-ებისგან განსხვავებით, კროსოვერები მზიდი ძარის პლატფორმაზე იგება, რომელიც ერთ სტრუქტურაში ძარასა და ჩარჩოს აერთიანებს. დიზაინის ეს არჩევანი მარტივი მართვის გამოცდილებას უზრუნველყოფს ისეთი უპირატესობებით, როგორიცაა საწვავის ეკონომია, მანევრირების სიმარტივე და მგზავრობისას მეტი კომფორტი.
კროსოვერს, SUV-თან შედარებით, დაბალი კლირენსი აქვს, რაც მასში ჩაჯდომასა და გადმოსვლას აადვილებს. შედარებით კომპაქტური ზომების წყალობით, ის იდეალურია ქალაქის პირობებში ნავიგაციისთვის; საჭიროებს მცირე ზომის პარკირების ადგილს.
კროსოვერი წარმოადგენს მრავალფუნქციურ ავტომობილს, რომელშიც შერწყმულია მსუბუქი ავტომობილისა და SUV-ის მახასიათებლები და გვთავაზობს სედანისა ან ჰეტჩბეკის მსგავს კომფორტულ მგზავრობასა და მანევრირებას.
ჯიპი
არ არსებობს ტერმინ სუვის შეთანხმებული განმარტება. სხვადასხვა ქვეყანაში მას სხვადასხვა განსაზღვრება აქვს. SUV-ები, ანუ სპორტული მაღალი გამავლობის ავტომობილები unibody პლატფორმაზეა აგებული, რაც შემცირებულ წონასა და გაუმჯობესებულ მანევრირებას გულისხმობს. ეს მტკიცე კონსტრუქცია უზრუნველყოფს გამძლეობასა და ბუქსირების მძლავრ შესაძლებლობას.
SUV-ები ცნობილია ტევადობითა და მრავალფუნქციურობით. სავარძლების რაოდენობა ხშირად შვიდს ან რვას აღწევს, რაც დამოკიდებულია მოდელზე. SUV-ებს აქვთ დიდი მოცულობის საბარგული, რაც მათ შესაფერისს ხდის ოჯახებისთვის, ბუნების მოყვარულებისა და მათთვის, ვისაც დიდი სათავსო სივრცე სჭირდება.
მინივენი
ვენი ავტომობილის ტიპია, რომელიც ბარგის გადასატანად ან ადამიანების გადასაყვანად გამოიყენება. იმის მიხედვით, თუ რა ტიპისაა ვენი, შესაძლოა, უფრო პატარა იყოს, ვიდრე სატვირთო და სუვი და უფრო დიდი, ვიდრე ჩვეულებრივი ავტომობილი.
Mini MPVs, Compact MPVs და MPVs არის მინივენები, რომლებიც მცირე რაოდენობის ადამიანების გადასაყვანად გამოიყენება. მინივენები, რომლებსაც მხოლოდ წინ აქვთ სავარძლები ტვირთის გადასატანად გამოიყენება. Honda Odyssey და Chrysler Pacifica ასეთი ტიპის მანქანების შესანიშნავი მაგალითია.
პიკაპი
დახურული სალონი და ღია საბარგული - ეს პიკაპია, მსუბუქი დანიშნულების სატვირთო ავტომობილი. უკანა ნაწილში იგი იტევს ტვირთის საკმაო რაოდენობას. ეს ნაწილი, როგორც წესი, ღიაა დიდი საგნების განთავსების გამო. პიკაპები შეიძლება იყოს 2- ან 4-კარიანი. ორკარიანი მოდელი იტევს 2-3 მგზავრს, ხოლო 4-კარიანი - 5 მგზავრამდე. სრული ზომის პიკაპებისა და სუვების ყველაზე ცნობილი მწარმოებლები არიან GM, Ford, და Fiat Chrysler Automobiles.
შეჯამება
შესავალში დასმულ კითხვებზე პასუხები კი გავეცით, რომ SUV-ც კარგია და კროსოვერ სუვიც, რომ კუპე 2-კარიანიცაა და 4-იანიც… კიდევ სხვა ბევრ რამეზეც მოვყევით, მაგრამ საბოლოო ვერდიქტი მაინც მკითხველმა, მომხმარებელმა და ავტომობილის შეძენის მსურველმა უნდა გამოიტანოს - საკუთარი საჭიროებებისა და პრეფერენციების მიხედვით: როგორი ძარის, ძრავის, გამავლობის, გამოშვების, ფერის და სხვ. ავტომობილი სურს, შეიძინოს ვებგვერდზე: https://www.autosale.ge/.