მჭირდება ჩემი მანქანის დაზღვევა?
04.12.2023
სათაურს ძალიან მოკლედ რომ ვუპასუხოთ, შეგვიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ დიახ! ავტოდაზღვევა მნიშვნელოვნად გიცავთ გაუთვალისწინებელი, ხშირად, საკმაოდ დიდი ხარჯებისაგან. თუმცა მაინც შევეცდებით, ამ სტატიის მეშვეობით, ცოტა უფრო მეტი წარმოდგენა შეგიქმნათ იმაზე, თუ რა ღირებულების შექმნა შეუძლია დაზღვევას, როგორც ფინანსურ ინსტრუმენტს სტაბილური ცხოვრებისა და მდგრადობისთვის, რატომ არის, რომ ბევრ ქვეყანაში მანქანას დაზღვევის გარეშე ვერ მართავთ და რა მოცემულობაა ამ კუთხით, საქართველოში.
მანქანის დაზღვევის თავისებურებები საქართველოში
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა 2024 წლიდან ამოქმედდება. მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ პარლამენტში კანონპროექტი, ჯერ კიდევ, 2018 წელს დარეგისტრირდა.
მანამდე კი, საქართველოში მხოლოდ ნებაყოფლობითი დაზღვევაა შესაძლებელი. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის მიერ გავრცელებული, 2023 წლის სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვის (9 თვე) შედეგები კი ასეთია:
2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომელიც სიცოცხლისა და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას ფლობს.
საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში 2022 წელს რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების, სატვირთოების, სპეცდანიშნულების მანქანების, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების რაოდენობა 1 563100-ია.
მხოლოდ რაოდენობრივ მონაცემებს რომ დავეყრდნოთ, ასეც ცხადია, რომ ავტოდაზღვევის პოლისით მოსარგებლეთა რაოდენობა დაბალი, თუმცა მზარდია, ვინაიდან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის მონაცემები 2021 წელს - 102 594, 2022 წელს - 110 639, ხოლო 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, - 122 360-ია.
დაბალი მაჩვენებლის თვისებრივი მონაცემებიდან რამდენიმე საინტერესოს გაგიზიარებთ:
- საზოგადოების დაბალი ცნობიერება დაზღვევის შესახებ;
- სავალდებულო, მასობრივი დაზღვევის არქონა, რასაც განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა უკვე საუკუნეებია, ითვლის;
- თავად სადაზღვევო ინდუსტრიის სტაბილურობა და განვითარება, თუმცა ამის მიზეზიც შეიძლება, ქვეყანაში დაზღვევის, სულ რაღაც, 33-წლიან ისტორიაში ვეძებოთ, რომ საქართველო, ამ კუთხით, ძალიან ახალგაზრდა ბაზარია;
- ავტომობილის მფლობელთა ფინანსური მდგომარეობა, გარკვეული სიხშირით, მუდმივად იხადონ დაზღვევისთვის გარკვეული თანხა (პრინციპში, ეს ნაწილი პირველ პუნქტთანაც იკვეთება).
მანქანის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას უცხოეთში რეგისტრირებული ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელისა თუ მძღოლისთვის სავალდებულოა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის გაკეთება მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის სრული პერიოდით, არანაკლებ 15 კალენდრული დღისა.
ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიისა და დაზღვევის პერიოდის მიხედვით, სადაზღვევო პრემიის ოდენობა განსხვავებულია. სავალდებულო დაზღვევის შეძენა შესაძლებელია ა(ა)იპ − სავალდებულო დაზღვევის ცენტრში, მზღვეველთან, დაზღვევის აგენტისა თუ სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით, ან ელექტრონულ-ტექნიკური გადახდის საშუალებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://tpl.ge.
მანქანის დაზღვევის სახეები
საქართველოს ბაზარზე ავტოდაზღვევა სამ კატეგორიად შეგვიძლია, დავყოთ:
- CASCO – ავტომობილის დაზღვევა, რომელიც მხოლოდ საკუთარი ავტომობილის დაზღვევას გულისხმობს, მისი ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში, ზიანის თანხის განსაზღვრას დაზიანებული ავტომანქანის აღდგენითი (შენაცვლებითი) ღირებულების ოდენობით (სადაზღვევო პრემიის გადახდის გრაფიკი ინდივიდუალურად განისაზღვრება);
- MTPL – დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ექსპლუატაციისას მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და/ან ქონებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობის დადგომა;
- MPA - დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების უფლებამოსილი მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა.
როგორც წესი, სადაზღვევო კომპანიებს განსხვავებული პოლისები და პირობები აქვთ, თუმცა რისკებზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პრინციპში, სტანდარტულია:
- ავტოსაგზაო შემთხვევა – მიუხედავად იმისა, თქვენ გამოიწვიეთ ეს თუ სხვამ;
- ქურდობა, გატაცება, ყაჩაღობა;
- ვანდალიზმი;
- საგნების დაცემა;
- სტიქიური მოვლენები – თუმცა პირობებს კარგად უნდა გაეცნოთ, ვინაიდან ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია ყველანაირი სტიქიური უბედურების შემთხვევას ანაზღაურებს, ზოგი კი, რიგ შემთხვევებს გამორიცხავს.
დაზღვევის ღირებულება
ავტომობილის დაზღვევის ღირებულება კომპანიების მიხედვით განსხვავდება, თუმცა დაზღვევის დროს ყურადღება ისეთ საკითხებზე მახვილდება, როგორიცაა:
- ავტომობილის საბაზრო ღირებულება;
- ავტომობილის გამოშვების თარიღი;
- მძღოლის მართვის გამოცდილება;
- ავტომობილის კლასი – სპორტული მანქანები მაღალი რისკის მატარებლებლად მიიჩნევიან და შესაბამისად, მათი დაზღვევა უფრო ძვირი ჯდება;
- ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა.
სადაზღვეო კომპანია პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში იხსნის: თუ მძღოლი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავს; თუ ნარკოტიკული ნივთიერების ქვეშ იმყოფება; თუ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობს, ან ღერძულა ხაზზე გადაადგილდება.
შეჯამება
სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარება მსოფლიოში ორი ძირითადი პარამეტრით განისაზღვრება: მოზიდული პრემია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით და მთლიანი მოზიდული პრემია გაყიდული მოსახლეობის რაოდენობაზე. ეს მაჩვენებლები რაც უფრო მაღალია, ქვეყანაც უფრო განვითარებულია, რაც ნიშნავს, რომ ადამიანები საკუთარ და სხვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას გრძნობენ.
უფრო ვიწრო ჭრილში რომ ვთქვათ, თუ გინდათ, დაცული იყოთ ისეთი რისკებისგან, რომელთა პროგნოზირებაც წინასწარ, უბრალოდ, შეუძლებელია, ამისთვის გირჩევთ, თქვენი ავტომობილის დაზღვევაზე ახლავე დაიწყოთ ფიქრი! ხოლო თუ მანქანის ყიდვას ან გაცვლას გეგმავთ, გახსოვდეთ Mogo! კომპანია გთავაზობთ როგორც ლიზინგს, ისე უკულიზინგს.