საერთაშორისო მართვის მოწმობა - როგორ მივიღო?
11.11.2024
საერთაშორისო მართვის მოწმობა სპეციალური დოკუმენტია, რომელიც ადამიანს ავტომობილის სხვა ქვეყნებში მართვის შესაძლებლობას აძლევს. ამ ტიპის მართვის მოწმობა შეიცავს ინფორმაციას პირის მართვის უფლებების შესახებ და ნათარგმნია რამდენიმე ენაზე იმისთვის, რომ საერთაშორისო ტრანსპორტის უსაფრთხოებას შეუწყოს ხელი.
როგორც წესი, საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა კონკრეტული ქვეყნის ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე და მოქმედებს იმ ქვეყნებში, რომლებიც ვენის ან ჟენევის საერთაშორისო კონვენციების მონაწილეები არიან.
საერთაშორისო მართვის მოწმობა დამატებითი დოკუმენტია (ანუ, ადგილობრივ მართვის მოწმობას არ ცვლის), რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოგზაურობისას არის საჭირო. ხოლო მისი გაცემის წესი და პირობები, შესაძლოა, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული იყოს.
თუ ჯერ მანქანა არ გყავთ, ან გსურთ ძველი მანქანის სხვაში გაცვლა, Mogo ლიზინგითყიდვას გთავაზობთ. ლიზინგის უპირატესობა კი ისაა, რომ ამ შემთხვევაში, წინასწარი გადახდა არ გიწევთ და გარდა ამისა, რეგულარულ ბანკთან შედარებით, დაფინანსების მიღება ბევრად მარტივი და სწრაფია.
რის საფუძველზე გაიცემა საერთაშორისო მართვის მოწმობა?
საქართველოში საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად, უნდა მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. ორგანო ორი ტიპის საერთაშორისო მართვის მოწმობას გასცემს:
- ჟენევის 1949 წლის კონვენციის საფუძველზე – მოქმედების ვადა 1 წელი;
- ვენის 1968 წლის კონვენციის საფუძველზე – მოქმედების ვადა 3 წელი.
Საჭირო საბუთები
საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა საქართველოს მოქალაქეზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და მოქალაქეობის არმქონე პირზე, მართვის მოწმობის საფუძველზე, იდენტური მართვის უფლების კატეგორიებით/ქვეკატეგორიებით.
საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
- ეროვნული მართვის მოწმობა
თუ თქვენი ეროვნული მართვის მოწმობა გაცემულია 2014 წლის 1-ელ მარტამდე, მისი შეცვლა სავალდებულოა. შეცვლისთვის, დამატებით, საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა.
საერთაშორისო მართვის მოწმობის საფასურია 109 ლარი. დოკუმენტი მზადდება და გაიცემა რამდენიმე წუთში. სერვისი ხელმისაწვდომია მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში და დისტანციურად არ ხორციელდება.