ავტოსესხი თუ ავტოლიზინგი - რჩევა
04.11.2024
როცა ავტომობილის შეძენაზე მიდგება საქმე, დაფინანსების მისაღებად, ორი ძირითადი არჩევანი გაქვთ: ავტოსესხის აღება ან ავტოლიზინგი. ორივე ვარიანტს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. რაც შეეხება თქვენს გადაწყვეტილებას, რომელს აირჩევთ, საბოლოოდ, მაინც თქვენს სპეციფიკურ გარემოებებსა და გრძელვადიან მიზნებზეა დამოკიდებული.
ამ სტატიაში განვიხილავთ ძირითად ფაქტორებს, რომელიც სჯობს, გაითვალისწინოთ, როცა ავტოსესხსა და ავტოლიზინგს შორის არჩევანს აკეთებთ.
ავტომობილის სესხი
ავტოსესხი გულისხმობს თანხის სესხად აღებას მსესხებლისგან, როგორიცაა: ბანკი ან საკრედიტო კავშირი. თქვენ გადაიხდით თანხას ყოველთვიურად, ფიქსირებული პერიოდის განმავლობაში, ტიპობრივად, 3-დან 7 წლამდე, სანამ სესხი სრულად არ დაიფარება. როცა სესხის გადახდას დაასრულებთ, თქვენ ავტომობილის მფლობელი ხდებით.
ავტომობილის სესხის უპირატესობები:
- საკუთრება: ავტომობილის სესხის შემთხვევაში, როცა სესხი სრულად დაიფარება, ავტომობილი თქვენს საკუთრებაში გადმოდის, რაც საშუალებას გაძლევთ, ნებისმიერ დროს, გაყიდოთ;
- აქტივის ღირებულების ზრდა: სესხის დაფარვისას თქვენ ავტომობილის მფლობელი ხდებით, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, ის გამოიყენოთ, როგორც მომავალი დაფინანსებისთვის უზრუნველყოფის საშუალება, ან გაცვალოთ ახალი მანქანის შესაძენად;
- მოდიფიცირების შესაძლებლობა: რადგან თქვენ ხართ მანქანის მფლობელი, შეგიძლიათ, შეცვალოთ ან მოდიფიცირება გაუკეთოთ მას თქვენი სურვილისამებრ, ნებისმიერი შეზღუდვის გარეშე.
ავტოსესხის ნაკლოვანებები:
- მაღალი საწყისი ხარჯები: როგორც წესი, ავტომობილის სესხებს ხშირად სჭირდება დიდი ოდენობით წინასწარი შენატანი და სავარაუდოა, რომ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთიც, ლიზინგთან შედარებით;
- გაუფასურება: ავტომობილების ფასი სწრაფად ვარდება, რაც თქვენი ფინანსების გონივრულ ხარჯვას საფრთხეს უქმნის, ვინაიდან, შესაძლოა, მანქანის საბაზრო ღირებულებაზე მეტის გადახდა მოგიწიოთ;
- ტექმომსახურება და შეკეთების ხარჯები: როგორც მფლობელი, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ტექმომსახურებისა და შეკეთების ხარჯებზე, რაც შეიძლება, დროთა განმავლობაში, საკმაოდ დიდ თანხად კონვერტირდეს.
ავტოლიზინგი
ავტოლიზინგი არის ავტომობილის იჯარა წინასწარგანსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, ტიპობრივად, 1-დან 4 წლამდე. თქვენ გადაიხდით ყოველთვიურ გადასახადს, მაგრამ ლიზინგის ვადის დასრულებისას არ გახდებით ავტომობილის მფლობელი. ამის ნაცვლად, თქვენ გექნებათ არჩევანი, დააბრუნოთ მანქანა, ან შეიძინოთ ის ნარჩენი ღირებულებით.
საქართველოში ლიზინგის სერვისებს გთავაზობთ კომპანია Mogo. აღსანიშნავია, რომ მანქანის ლიზინგი წინასწარი გადახდის გარეშეა შესაძლებელი და ეს პირობა მოტოციკლეტების, პრემიუმკლასის ავტომობილებისა და სპეციალური ტექნიკის შემთხვევაშიც მოქმედია.
ავტოლიზინგის უპირატესობები:
- დაბალი ყოველთვიური გადასახადი: ლიზინგს ხშირად აქვს უფრო დაბალი ყოველთვიური გადასახადი, ვიდრე ავტომობილის სესხით შეძენას, რადგან თქვენ იხდით მანქანის გამოყენების თანხას, პლუს, ფინანსურ გადასახადს (საპროცენტო განაკვეთს);
- ახალი ავტომობილით სარგებლობა: როცა ლიზინგის ვადა ამოიწურება, შეგიძლიათ, უბრალოდ, დააბრუნოთ მანქანა და ხელშეკრულება ახალ მოდელზე გააფორმოთ;
- ტექმომსახურების დაბალი ხარჯები: ბევრ სალიზინგო ხელშეკრულებას ჩართული აქვს სტანდარტული ტექმომსახურება, რაც სერვისზე ხარჯებს დაგიზოგავთ.
ავტოლიზინგის ნაკლოვანებები:
- არ ხდებით მფლობელი: ლიზინგის ვადის დასრულებისას თქვენ უნდა დააბრუნოთ ტრანსპორტი, ან შეიძინოთ ის ნარჩენი ღირებულებით;
- გარბენის შეზღუდვა: ლიზინგის ხელშეკრულებების უმეტესობას წლიური გარბენის ლიმიტი აქვს და ამ ზღვრის გადაჭარბება შეიძლება, დიდი ოდენობით ჯარიმას უკავშირდებოდეს;
- ცვეთის საფასური: შესაძლოა, ავტომობილის დაბრუნების შემდეგ, ჯარიმა ზედმეტი ცვეთის გამოც დაგეკისროთ;
- მუდმივი გადასახადები: თუ გსურთ ახალი ავტომობილით სარგებლობა, უნდა განაგრძოთ ლიზინგი, ან შეიძინოთ ახალი მანქანა დაფინანსებით, რაც ყოველთვიური გადასახადების გაგრძელებას გამოიწვევს.
საბოლოოდ, ავტოსესხსა და ავტოლიზინგს შორის არჩევანი დამოკიდებულია თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე, მართვის ჩვევებსა და უბრალოდ, თქვენს სურვილებზე. თუ გსურთ, ავტომობილი თქვენს საკუთრებაში იყოს, უკეთესი იქნება ავტომობილის სესხის აღება. იმ შემთხვევაში, თუ უპირატესობას ანიჭებთ დაბალ ყოველთვიურ გადასახადებს, მოდელების ხშირ განახლებასა და ტექმომსახურებაზე ნაკლებ ხარჯებს, მაშინ თქვენთვის საუკეთესო გამოსავალი ლიზინგია.